„დაინტერესდებიან, ალბათ, შესაბამისი სამსახურები,“ - ეს განცხადება, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერის შეფასებისას გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წინა დღეებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და ახლა ახალ განცხადებას აღარ გააკეთებს.
„დაინტერესდებიან, ალბათ, შესაბამისი სამსახურები. რა გითხრათ ახლა, ერთი და იმავეს ხომ არ გავიმეორებ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ რამდენიმე დღის წინ ოქუაშვილსა და ყიფიანს შორის შემდგარი სავარაუდო საუბარი შეაფასა, სადაც ტელეკომპანია "იბერიას" მთავარი დამფინანსებელი კომპანიის, "ომეგა ჯგუფის" მიმართ ექსპრემიერ ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის დაინტერესებაზეა საუბარი.
მაშინ კალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ეკითხებიან დედაქალაქის მერს, ყოფილი მინისტრისა და "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის სატელეფონო ჩანაწერზე, სადაც უჩა მამაცაშვილის დაინტერესებაზეა საუბარი და სადაც ჩანს, რომ მამაცაშვილი კომპანიის პრობლემების მოგვარების პირობას 2 მილიონ დოლარად დებს.
დღეს მორიგი აუდიოჩანაწერი მოიპოვა „კურიერმა“, სადაც "იბერიას" საქმეზე, სადაც ჩუბინიძე და ქუმსიშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.