სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მას პრობლემები გულზე დაუდგინდა. ექიმის განცხადებით, თვალავაძის მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
„დიაგნოზი არის მწვავე კორონარული სინდრომი. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები პროტოკოლის მიხედვით, მდგომარეობა არის სტაბილური და უტარდება კვლევები და დაკვირვება დინამიკაში,“-განაცხადა ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარიშვილმა.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას თვალავაძის პატიმრობაში დატოვების შესახებ, 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს ბრალდებულის ადვოკატი. სარჩელს დაემატება ინფორმაცია, ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ. ადვოკატი გადაწყვეტილების მიღებისას, მის გათვალისწინებასაც მოითხოვს.