რომან კაკულიას განცხადებაზე, სადაც დეპუტატმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერების შეფასებისას აღნიშნა, რომ არ ისურვებდა იმ გუნდის წევრობას, სადაც ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ, განმარტებას მისივე თანაგუნდელები აკეთებენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კაკულიას განცხადება არასწორად იქნა გაგებული. ნუკრი ქანთარიას თქმით, "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოებას კითხვებზე პასუხები გაეცემა.
„სერიალს თუ გავყვებით, სერიალი ჯერ ბოლომდე არ არის მისული, იგრძნობა, რომ ბევრი აქვთ კიდევ და შთაბეჭდილებაც, ალბათ, საბოლოო დასკვნა უნდა გაკეთდეს. ავთენტურობა აუცილებლად უნდა გაიზომოს და აუცილებლად გამოძიებამ, სანამ სერიალები დასრულდება და ბოლო წერტილი დაესმება, პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს საზოგადოებას. საზოგადოებაში არ უნდა იყოს გარკვეული ეჭვების საფუძველი. თუ ვიღაცას სადღაც მადა მართლაც გაეხსნა ამასთან დაკავშირებით, პასუხი უნდა აგოს. რომანმა ასე თქვა, რომ თუ ასე იქცევა ქვეყანა, როგორც ახლა უნდათ, რომ გაასაღოთ, ზოგჯერ, რომ გაშავდა ყველაფერი, გამუქდა, რომანი კი არა, მე მგონი ყველა იტყვის, რომ აღარ მინდა ცხოვრება. ამ მდგომარეობიდან ნათქვამია, მგონი და არა ის, რომ რომანმა ეს აღიქვა, როგორც რეალობა,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.