19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
არავინ გადაჰყვება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სამარეში - ოპოზიცია რომან კაკულიას განცხადებას აფასებს

რომან კაკულიას განცხადებას, სადაც დეპუტატმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიო ჩანაწერების შეფასებისას აღნიშნა, რომ არ ისურვებდა იმ გუნდის წევრობას, სადაც ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მმართველი გუნდის წევრის მხრიდან მსგავსი კომენტარი მორალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ კორუფციულ გარიგებებსა და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. მათი თქმით, „ქართული ოცნებიდანაც“ გამოჩნდებიან ისეთი პირები, ვინც რომან კაკულიას მსგავს განცხადებას კიდევ გააკეთებენ.

„იბერიის“ და „ომეგას“ საქმეები ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება მიაყენეს ადამიანი კედელზე და  იძულებული გახდა ყველაფერი ეთქვა და ეჩვენებინა, მაგრამ ასე რომ არ მომხდარიყო და გარიგებოდა ეს ბიზნესი და ხელისუფლება ერთმანეთს?! ეს არის მხოლოდ ზედა მხარე. ყველა სფეროში ასეა. ასეა ნავთობის იმპორტიორებთან დაკავშირებით, რომლებიც იხდიან უზარმაზარ ფულს ხელისუფლების ჩინოვნიკებისათვის. ასევეა ფარმაცევტულ ბიზნესში, ასევეა იმ მრავალმილიარდიან ტენდერებში რომლებშიც იმარჯვებენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფირმები. არავინ გადაჰყვება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სამარეში, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ დისკომფორტი და როგორც ჩანს, პირველი ნიშნები უკვე არის პარლამენტში,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პროკურატურა გამოძიებით შედეგს ვერ დადებს.

„არ ველოდები, რომ პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას დაასრულებს და რამე შედეგს დადებს. მე მივესალმები ბატონი კაკულიას განცხადებას, რომ, თუ მან პროკურატურისგან გაიგო, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები და ეს ჩანაწერები არ არის მონტაჟი, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, იყოს თუ არა ამ სახელმწიფო რეკეტის მონაწილე. კი ბატონო, კაკულიას შეუძლია, დაელოდოს ოფიციალური გამოძიების შედეგებს, მაგრამ ძალიან მცირე საღი აზრია საჭირო იმისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ, რომ დავრწმუნდეთ, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ ახორციელებს რეკეტს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები