არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში გაკეთებულ განცხადებას „ქსენოფობიურს“ უწოდებენ და ამის მიზეზებს განმარტავენ.
ნინოწმინდაში ადგილობრივ ეთნიკურ სომხებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება „შუღლის გაღვივებას“ უწყობს ხელს.
„პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას,“ - წერია განცხადებაში.
მესამე სექტორის განცხადება აგრეთვე შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს.
„საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მართალია, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ რომ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე მოყვანილია ზურაბიშვილის სხვა ქსენოფობიური განცხადება, რომელიც 2013 წელს პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში ჩინელებთან დაკავშირებით დაწერა.
მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილს და ასევე, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს მოუწოდებენ, რომ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.
არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ, ცესკო-ს „შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.“