19 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ემსახურება მესამე სექტორის დელეგიტიმაციასა და დისკრედიტაციას - სამოქალაქო სექტორი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან მესამე სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ფაშიზმის თანამონაწილეების უწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ეხმაურება.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე ზეწოლა და აგრესიული რიტორიკა გრძელდება.

“მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები უმთავრესად ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც არჩევნებზე დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში საკითხების ზედმეტი პოლიტიზების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნის,”-წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერსა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს მოუწოდებენ წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემო უზრუნველყონ.

“უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას;

გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან”-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები