19 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
უწყებათშორისი კომისია ემსახურება იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოაჩინოს წინასაარჩევნო გარემო ისე, რომ აქ პრობლემები არ არის - ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მესამე სექტორი ხელისუფლების მხრიდან „უპრეცენდენტო თავდასხმის ობიექტები გახდა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლების თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები, როგორიცაა პარლამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი და თბილისის მერი, მესამე სექტორის მისამართით არაკორექტულ და უსაფუძვლო ბრალდებებს ახმოვანებენ.

სწორედ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მესამე სექტორის მისამართით გახმოვანებულ არაეთიკურ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. ის ამბობს, რომ მესამე სექტორის საწინააღმდეგო დაფინანსებული კამპანიები სოციალურ ქსელებშიც კი მიმდინარეობს.

ეკა გიგაური განმარტავს, რომ ამ დარღვევების ფონზე უწყებათაშორისი კომისიას მაღალი ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია და მისი შეფასებით, კომისია მხოლოდ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ინტერესებს ემსახურება.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან და, ფაქტობრივად, არაეთიკურ განცხადებებს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში და ასევე გაჩნდა დაფინანსებული კამპანიები სოციალურ ქსელებში, სადაც ჩვენი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ ფორმატში მუშაობას მათთან აზრი არ აქვს. ამ კომისიის ლეგიტიმაცია ნამდვილად აღარ არის მაღალი და ეს კომისია უკვე ემსახურება იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოაჩინოს წინასაარჩევნო გარემო ისე, რომ აქ პრობლემები არ არის,“ - ამბობს გიგაური.

ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშში ეს დარღვევები აუცილებლად მოხვდება.

დღის ამბები