ჩანაწერებით ომი - ასე უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებსა და იმ ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც დღეს ორივე მხარემ გაასაჯაროვა.
სოფო კილაძე ამბობს, რომ ის ზაზა ოქუაშვილის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ვერ ენდობა, რადგან, კილაძის აზრით, ოქუაშვილმა ბევრი ტყუილი თქვა.
„ის ტყუილები, რაც იკადრა ბოლო პერიოდში ბატონმა ოქუაშვილმა, იმ ტყუილების გათვალისწინებით, თუ ჩემი თვალით არ ვნახე და არ წავიკითხე, ვერ დავრწმუნდები, იმიტომ, რომ იმდენი ტყუილი და ცუდი რამ იკადრა ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, ნდობა მის მიმართ მე პირადად არ მაქვს, თუმცა კონკრეტულ ქეისს გააჩნია. არ ვიცი, უნდა ვნახო, რა დასკვნა არის, ვისი დაწერილია და ნდობის რა ხარისხი შეიძლება ჰქონდეს მას," - აცხადებს სოფო კილაძე.
კილაძე სკანდალური ჩანაწერებისა და „ომეგა ჯგუფის“ ხმაურიან საქმეში „რუსთავი2-ის" როლს ხედავს.
დეპუტატი ამბობს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ ჩანაწერების ომში ერთ-ერთი ფლაგმანია.
„ამ საქმეს დავარქმევდი ჩანაწერებით ომს. იმიტომ, რომ წარმოუდგენელი რამე ტრიალებს და სრული ისტერია შეიქმნა ამ წინასაარჩევნო პერიოდში, რაც არის ძალიან ცუდი. „რუსთავი2-ის" თემასთან დაკავშირებით ვამბობთ, რომ „რუსთავი2“, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია და ამ ჩანაწერების ომის ერთ-ერთი ფლაგმანი არის და აქედან გამომდინარე, ცხადია, „რუსთავი2-ის" პოლიტიკა,”- აცხადებს კილაძე.