ევროპული საქართველო ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჰააგის სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ციტატების გამოყენებას უკავშირდება.
საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის გამონათქვამები ძალიან სახიფათოა.
ევროპული საქართველოს ლიდერებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლების განცხადებები ადასტურებს, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებებში პრობლემას ვერ ხედავენ.
„მათ შემოგვთავაზეს ჯერ ერთი ტყუილი, რომ, თითქოს, ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ქართული ოცნების სტილშივე ეს პოზიცია მალევე გადათქვეს, შემოგვთავაზეს მეორე არგუმენტი, ბატონმა სერგეენკომ განაცხადა, რომ თითქოს, ბელეტრისატიკას და ამგვარ ციტატებს რუსეთის ფედერაციაა რ იყენებს და მას აერია ერთმანეთში სისხლის სამართლის ტრიბუნალი და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო. ბატონმა ვოლსკიმ პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს არის ოფიციალური პოზიცია ხელისუფლების, რომ ისინი პრობლემებს ვერ ხედავენ იმ ბრალდებებში, რომელიც წაუყენა თავის ნარკვევში ქალბატონმა ზურაბიშვილმა. ამ არგუმენტებს, ნარკვევს ძალიან ოსტატურად იყენებს რუსეთის ფედერაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაცია სალომე ზურაბიშვილზე დაყრდნობით სასამართლოში ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა განზრახვა, რომ დაეწყო ომი, შეტევა მოქალაქეებზე. ამავე დროს სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ე.წ. თათბირზე, რომლის მიხედვით, აბრალებს თავის ხელისუფლებას შეტევას თავის მოქალაქეებზე. ეს არის მძიმე მდგომარეობა, რადგან ქართული ოცნება ამ ქალბატონს პრეზიდენტობის კანდიდატად გვთავაზობს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ევროპულმა საქართველომ მოსახლეობას 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. ოპოზიციის აზრით, ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა ქვეყანას დააზარალებს.
„ეს ადამიანი ყვება თათბირის ამბებს, რაც თავის თავად ძალიან წინააღმდეგობრივი ამბავია, რომ მოქმედმა პოლიტიკოსმა გამოიტანოს უშიშროების ამბები გარეთ. აქ ის ხაზიც კი ვერ ექნება ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ სიმართლეს ვამბობდი, თუნდაც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ის ცრუობს და იძახის, რომ თავდაცვითი იარაღის შეძენა ქვეყნისთვის, თურმე აგრესიის და შურისძიების ტოლფასი ყოფილა. წარმოვიდგინოთ ვითარება, როცა ასეთი ადამიანი არის ქვეყნის მთავარსარდალი ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, რომელი შეიძლება ქვეყანას წინ დაუდგეს. ეს იქნება კატასტროფა,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ევროპულ საქართველოს აინტერესებს ხელისუფლებისგან, რატომ არ იდგმება სამართლებრივი ნაბიჯები ჰააგაში იმისთვის, რომ საქართველომ მოიპოვოს გამარჯვება დევნილთა დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით.