მმართველი გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან, რომელიც დღეს 4 ჟურნალისტთან გამართა. დღევანდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-თან ერთად მესამე სექტორის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ივანიშვილის მიერ მესამე სექტორის კრიტიკას ამართლებს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები „ენმ-ის მესიჯბოქს ემთხვევა“.
„ნამდვილად შეიძლება დავარქვათ პარადოქსი იმას, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ ის იქნება რომელიმე მედიასაშუალება, მუქარად და თავდასხმად აღიქვამს ობიექტურობას და განსხვავებული აზრის შემოტანას მეტი სიმძაფრით. ეს არის პასუხი, რაც იყო დღეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს იყო პასუხი, რომელსაც ამ კრიტიკაზე აბსოლუტურად სუბიექტურზე, ვცემთ სახელისუფლებო გუნდი,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
მესამე სექტორის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ასევე იზიარებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პერიოდის ევროპულ გარემოში ჩატარებისთვის ხელი არ შეუწყვიათ.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ სიძულვილის ენით მოხსენიება ხდება კონკრეტული სამაუწყებლო კომპანიის დირექტორის და შემდგომ ამაზე არ ხდება რეაგირება, მათ შორის, იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომლის ასევე მოვალეობა არის, ობიექტურები რომ ვიყოთ, მოახდინოს შესაბამისი განცხადების გაკეთება და მოუწოდოს ყველას, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარიმართოს არა სიძულვილის ენით, არამედ დემოკრატიულ, ცივილურ საზოგადოებაში არსებული წესების დაცვით, ნაცვლად ამისა, ჩვენ მივიღეთ ის, რომ პირიქით, თურმე ეს ყოფილა აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქცეული რამ, რაც აბსოლუტურად, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ინტერვიუში ეკა გიგაურს მოუწოდა, რომ დატოვოს სამოქალაქო სექტორი.