19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას" - უკრაინის პატრიარქი

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეახსენა, რომ ისიც მსგავს ვითარებაში იმყოფებოდა, როცა დაკარგა ავტოკეფალია რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ.

პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია, საბოლოოდ უკრაინის ეკლესიას მხარს დაუჭერს. ინტერვიუში, რომელიც "რადიო თავისუფლების" გვერდზეა გამოქვეყნებული, ფილარეტმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყების შემდეგ მას საქართველოს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.

„გვსურს შევახსენოთ მათ, რომ იყო დრო, როცა რუსეთის სახელმწიფომ მოსპო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და თბილისში დანიშნა რუსი ეგზარქოსი. ამდენად, საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს ისტორია. ასეთივე ისტორიას გადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. რა გვსურს საქართველოს ეკლესიისაგან? გვსურს, რომ როცა უკრაინის ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიის ტომოსს, საქართველოს ეკლესია შევიდეს ლოცვის ერთობაში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ჩვენ გვაქვს ამის იმედი, რადგან ქართველი ხალხი ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, როგორც უკრაინელი ხალხი ქართველ ხალხს. ამის საფუძველზე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას,“ - განაცხადა უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა.

დღის ამბები