„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან დასრულდა.
როგორც ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მიზეზები განიხილეს. მისივე თქმით, ისაუბრეს ასევე მეორე ტურის კამპანიის შესახებაც.
ვოლსკი ამბობს, რომ განსაკუთრებულად მიექცევა ყურადღება რეგიონალურ ჭრილში მუშაობას.
"გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ და გაგრძელდება სამომავლოდ რეგიონალურ ჭრილში მუშაობა, თბილისი ცალკე, დიდი ქალაქები ცალკე და რეგიონებში კიდევ ცალკე. მაჟორიტარები და ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელები იქნებიან ამ 2 დღის განმავლობაში ამ საკითხების განხილვაზე,"-ამბობს ვოლსკი.
კითხვაზე, ვინ უხელმძღვანელებს მეორე ტურის სამზადისს, ვოლსკი ამბობს, რომ ამ მოსაზრების დამკვიდრება გარკვეული პოლიტიკური ტექნოლოგიაა.
"რატომღაც ვიღაცეებმა შემოიტანეს ის მოსაზრება, რომ მე ვიქნები ხელმძღვანელი. მე მგონია რომ ესეც გარკვეული პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომ მე მუდმივად ვიძახო, რომ მე არ ვიქნები და „მან უარყოო" იყოს ეგეთი შეკითხვა, შემდეგ თქვა, არც უარყო, არც დაადასტურა ..." -ამბობს ვოლსკი.
ვოლსკის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი უხელმძღვანელებს და ასევე თავადაც იქნება ჩართული. როგორც ვოლსკი ამბობს, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი ძირითადად პარტიის წევრებს უსმენდა, თუმცა მას რამდენიმე შენიშვნა ჰქონდა.