19 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
დაპირისპირება ახალქალაქში - დაზარალებულთა ადვოკატები გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ

ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის დროს დაზარალებულების გამოკითხვა დღის ბოლოს დასრულდა.

დაშავებულები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში უკვე მესამე დღეა მკურნალობენ.

გამოკითხვის პროცესი დაახლოებით 8 საათი მიმდინარეობდა. ადვოკატების თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატისა და მისი 20 კაციანი დაჯგუფების მიერ განხორცილებული თავდასხმის დეტალები დაზარალებულებმა ჩვენებაში აღწერეს და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

მათი აზრით, ძიება ხულიგნობის ნაცვლად, პოლიტიკური საქმიანობაში ხელის შეშლის მოტივით უნდა გაგრძელდეს.

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, სამედიცინო შემოწმებისათვის გუშინ კლინიკაში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტებიც იმყოფებოდნენ.

„დამოუკიდებელი ექსპერტიზა დავნიშნეთ ჩვენ. დაკითხულიცაა ოთხივე დაზარალებული. პოზიცია არის იგივე ეს მოხდა პოლიტიკური მიზნით, დაზარალებულთა განმარტებით, მათ თავს დაესხნენ სწორედ იმიტომ რომ აქტიურობდნენ არჩევნების დროს“-ამბობს ადვოკატი მაია მუმლაძე.

ადვოკატები აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა თავდამსხმელების ყველა ქმედება სათანადოდ უნდა შეაფასონ და ბრალდებულებს ადეკვატური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. 

დღის ამბები