„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბიუჯეტს ვერ ასრულებს. გაერთიანებულ ოპოზიციაში ლარის კიდევ უფრო დევალვაციას პროგნოზირებენ.
ოპოზიციის მონაცემებით, წლის ბოლომდე სამ მილიარდზე მეტია, ასათვისებელი, რაც მოკლე დროში შეუძლებელი იქნება.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ხელისუფლებას ურჩევს, დროულად დაიწყონ ბიუჯეტის კორექტირება და თავიდან აიცილონ ქვეყნის ეკონომიკის სავალალო შედეგები.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობამ არამიზნობრივი ხარჯები უნდა შეამციროს და ასათვისებელი თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწეროს.
„საქართველოში სრულად არის მოშლილი საბიუჯეტო პროცესი, ქვეყანას არ აქვს ბიუჯეტი. 10 თვის განმავლობაში იქნა ათვისებული მხოლოდ 9 მილიარდი ლარი და დარჩენილი 2 თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დახარჯოს 3.3 მილიარდი ლარი და ეს არის წარმოუდგენელი რამ. არასდროს "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდშიც კი არ მომხდარა ასეთი სრული ჩავარდნა ბიუჯეტის შესრულების პროცესში. ეს არის ზვავი, ამ ზვავის ორ თვეში გაშვების შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ლარი ჩამოიშლება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.