არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" საკადრო წმენდა იწყება. ცვლილებები რომ გარდაუვალია და გუნდთან დამშვიდობება მის რამდენიმე წევრს ნამდვილად მოუწევს, უკვე არც პარტიის ლიდერები მალავენ.
საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი ადასტურებს, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ კონსულტაციები დაწყებულია და ეს გუნდის ახალი ენერგიით განახლებას გულისხმობს. დავითულიანი ამბობს, რომ ცვლილებები იქნება, როგორც საკადრო ასევე სტრუქტურულ დონეზეც.
„საკადრო წმენდა არასწორი ტერმინია, განახლება, გადახალისება, ახალი ენერგიის შეძენა კი ბატონო. პროცესი დაწყებულია და იქნება აუცილებლად. ყველა გუნდს სჭირდება განახლება და ახალი ენერგია, ამ ახალ ენერგიას მე დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე შევიძენთ. ვნახოთ, ჯერ მიმდინარე საქმეებს ვაკეთებთ.
რა თქმა უნდა, იქნება სტრუქტურული ცვლილებებიც და საკადრო ცვლილებებიც“-ამბობს ბექა დავითულიანი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ჯაში კი ამბობს, რომ ის არ არის ჩართული საკადრო ცვლილებების შესახებ მიმდინარე კონსულტაციებში.
როგორც ჯაში ამბობს, ის მიესალმება გუნდის გაძლიერებას. მისი თქმით, თუკი ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებ განცხადებას პარტიის დამფუძნებელი გააკეთებს.