„ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას ისევ ჩაკეტილ ოფისში, ერთმანეთთან კონსულტაციებით განაგრძობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრების დროს საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურთან დაკავშირებით მსჯელობენ და ასევე განიხილავენ მომდევნო ერთ წელში გასაკეთებელ საქმეებს, რომელზე მითითებაც ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრები სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს და მეორე ტურისთვის მოსახლეობის სრულ მობილიზებას შეეხება.
„არის, ბუნებრივია, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრები, განიხილება ყველა საკითხი იმისთვის, რომ უფრო მეტი მობილიზება მოხდეს, კონსოლიდირება მოხდეს რესურსების, ძალების და შესაბამისად, უფრო მზად ვიყოთ მეორე ტურისთვის. ორგანიზაციული კუთხით რაღაც ხარვეზები იყო, რომელიც უნდა გამოსწორდეს, არის ასევე საკითხები, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომელიც შემდგომი ერთი წლის განმავლობაში ძალიან მკაფიო, გასაგები და საგრძნობი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მმართველ გუნდს მეორე ტურისთვის ორი შტაბი აქვს შექმნილი - რეგიონებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე იქნება.