კახა კალაძე შვილმოკლული მშობლების მიმართ თბილისის მერიის მიმართვას ეხმაურება. თბილისის მერი ამბობს, რომ აქციის გამართვას არ უკრძალავენ და არც აქვთ ამის უფლება.
კალაძე ამბობს, რომ ახალი წლისთვის პარლამენტის შენობასთან, სადაც ნაძვის ხის დადგმა იგეგმება და, სადაც შვილმოკლული მშობლები აქციას მართავენ, ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს და სიტუაციის გაკონტროლება გაძნელდება.
კახა კალაძე მედიას და ჟურნალისტებს არასწორი ინტერპრეტაციის გამო აკრიტიკებს.
„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ჩვენ არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა და ამაზრზენიც შეიძლება ითქვას, უტიფრობა უნდა ვუწოდოთ იმ კონკრეტული სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან გაკეთებულ ინტერპრეტაციას გუშინდელ ჩემს განცხადებასთან. რა ჰქონდათ გამოტანილი, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ანაცვლებს ნაძვის ხით. მე არ მინდა რაღაც ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, რომ ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება, უამრავი ადამიანი მოდის, უამრავი მიდის, ვიღაცამ რაღაც პროვოკაცია არ მოაწყოს, ჩვენ ყველაფერი უნდა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება სტაბილურობა,“ - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიამ შვილმოკლულ მშობლებს მიმართა წერილით, რომლის მიხედვით, საახალწლო სამზადისის გამო, შვილმოკლულ მამებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. ეს მაშინ, როცა ზაზა სარალიძეს უკვე გაგზავნილი ჰქონდა მერიაში შეტყობინება, რომ აქციას 31 დეკემბრამდე განაგრძობდნენ.