შვილმოკლული მამები მათთვის მერიის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით კახა კალაძის განმარტებას ეხმაურებიან. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობენ, რომ დედაქალაქის მერის განცხადება, რომ მერიის წერილი რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მერიის გზავნილი არა რეკომენდაცია, არამედ პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ მათ რუსთაველის გამზირი საახალწლო ღონისძიებების სამზადისის გამო დაეტოვებინათ.
ზაზა სარალიძე „ქართულ ოცენასაც“ მიმართავს თხოვნით, დაეხმარონ მამებს, რომ დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობებში დამნაშავეები დაისაჯონ.
„ძალიან კარგია, რომ ბატონმა კახი კალაძემ რომ გადახედა კანონმდებლობას ას მიხვდა იმას, რომ ამის დაშლის საფუძველი არ არსებობს, როდესაც მან ახსენა, რომ კანოით იმოქმედებდა ჩვენ მიართ. რაც შეეხება იმას, რომ ლოკაციის ადგილს დავტოვებთ და ვიწრო პარტიულ ინტერესს როდესაც ახსენებს ბატონი კალაძე, ფართო ინტერესების მატარებელი ხომ არის ოცნება. ფართო ინტერესის მატარებელ გუნდს მივმართავთ თხოვნით, დაგვეხმარონ და ჩვენი შვილების მკვლელები მისცენ პასუხისგებაში,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შვილმოკლული მამების თქმით, საზოგადოების პროტესტის შემდეგ კახა კალაძემ ტონი შეარბილა.
„რატომ შეარბილა, იმიტომ შეარბილა, რომ ამ ყველაფერს ხალხი ხედავს, ხალხი ხედავს, როგორ უსამართლოდ გვექცევიან. ამათ ხეობაში, ჩემთან სახლში სისხლი დაღვარეს, სისხლის გუბე, სისხლის ზღვა დააყენეს, საახალწლოდ. იმის მაგიერ, რომ მე ახალ წელს დავხვედრილიყავი ჩემს შვილთან ერთად, ამათ საახალწლოდ სისხლის ღვრა დამახვედრეს, როგორ არ უნდა შეარბილონ ტონი. ტონი კი არ უნდა შეარბილონ, ყველა დასახვრეტია,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.