19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"ოცნება" გადავიდა ტოტალ კონტროლზე - ვაშაძის თქმით, მეორე ტურისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტს ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები კურირებენ

ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგ ფაქტებს ასაჯაროებს. ახალ გარემოებებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ  ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები კურირებენ მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებას.

„ქართული ოცნება გადავიდა ე.წ. ტოტალ კონტროლზე, რომელიც ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს, რითაც უნდათ, რომ არჩევნებში რაიმე შედეგი მაინც დააფიქსირონ. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები გადანაწილებულები არიან რეგიონების მიხედვით და მათ აქვთ კონკრეტულად ჩაბარებული პასუხისმგებლობა საარჩევნო შედეგთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რომლებსაც კონკრეტული რეგიონები აქვთ ჩაბარებული. ვაშაძის თქმით, მათ მიზანს წარმოადგენს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველი ვერ მივიდეს არჩევნებზე და მოხდეს სალომე ზურაბიშვილის ხმების მობილიზება.

„აჭარაზე მიმაგრებული არის სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, რომელსაც პირადად აქვს ჩაბარებული ეს ყველაფერი. სამეგრელოში ჯერ იყო შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის შემოტრიალება და ახლა პირადად, გიორგი გახარია არის შს მინისტრი გადასული იქ და შტაბი აქვს იქ გახსნილი და პირდაპირ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით. იმერეთში ბატონი ლილუაშვილი, რომელიც არის სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ცალკე შტაბი აქვს გახსნილი და მუშაობენ იქ. კახეთი - გოგაშვილი-თამაზაშვილი, ასე ვთქვათ, ამ დაჯგუფებას აქვს აღებული პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც ტოტალ კონტროლის განხორციელების. შიდა ქართლი შს მინისტრის მოადგილე საბანაძე, რომელიც არის მიმაგრებული შიდა ქართლზე, რომელსაც აქვს ეს ვალდებულებები დავალებული და ქვემო ქართლი, ეს არის ლექსო დალაქიშვილი, რომელიც არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი და ფარცხალაძის მარჯვენა ხელი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ეს პირები საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლას ახორციელებენ და ასევე, ფულს იხდიან პირადობის მოწმობების ქირაობაში.

ვაშაძე ამბობს, რომ ამ ტოტალ კონტროლის განხორციელებაში ჩართულები არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტული უბნის ხელმძღვანელებს ახსნა-განმარტებებს აწერინებენ, თუ რატომ დამარცხდა სალომე ზურაბიშვილი და რა შესაძლებლობები არის მეორე ტურისთვის.

ვაშაძის თქმით, მაღალჩინოსნების ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა. 

დღის ამბები