19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში, პროევროპული კანდიდატი იქნება არჩეული," - ევროპარლამენტის დეპუტატი

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს? - ამის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს დღეს უყრიან. რამდენიმე საათში გაირკვევა, შევა თუ არა დოკუმენტში ბოლო შესწორებები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება. ერთ-ერთი შესწორება ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმასაც უკავშირდება. გუშინ კი დაახლეობით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები, რა დროსაც ევროპარლამენტარების უმრავლესობამ განაცხადა რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ეს ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. დებატების დროს აღინიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიული რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს.

​"ასოცირებულ ქვეყნებში ხანგრძლივი დემოკრატიისა და მშვიდობის განვითარება, ევროპის კონტინენტის გაერთიანების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. ეს რთული პროცესია არა მხოლოდ მხოლოდ საბჭოური გადმონაშთების, არამედ ოლიგარქიის 20-წლიანი გავლენის გამო. ასოცირების შეთანხმება საქარველოს დაეხმარება წარმატების მიღწევაში, თუკი სასამართლოს სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურების სისტემატიური რეფორმირება მოხდება, დაცული იქნება უმცირესობების უფლებები,"-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი, რებეკა ჰარმსი.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, ფაბიო კასტალდო კი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობოების ურთიერთობაზე და ხაზგასმით ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე სექტორსა და სადამკვირვებლო მისიებზე პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. 

"საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე პოლიტიკოსების მხრიდან. ასევე ზეწოლა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც ფაშიზმში მხოლოდ იმის გამო დაადანაშაულეს, რომ ისინი საკუთარ სამუშაოს ასრულებდნენ. სამოქალაქო საზოგადოების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პარტნიორობისთვის გადამწყვეტი პირობაა და ამას ჩვენ კიშინიოვშიც და თბილისშიც ვიტყვით,"-განაცხადა კასტალდომ.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამო, მის მიმართ რუსეთის მხრიდან არსებულ დიდ ინტერესზე საუბრობს კიდევე რთი დეპუტატი, მიკაელა სოიდროვა. მისი თქმით ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ის მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო ტანამშრომლობას.

"საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამო ეს ქვეყანა რუსეთისთვის მიმზიდველი ნადავლია, ამიტომ ვუჭერ მხარს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახლო კავშირს. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში პროევროპული კანდიდატი იქნება არჩეული,"-განაცხადა მიკაელა სოიდროვამ.

დღის ამბები