"ახალ ბილბორდებზე დამოუკიდებელი, ზეპარტიული, პირველი ქალი კანდიდატი ერთობ უცნაურად გამოიყურება, ვერავინ ვერ ცნობს მას,“ - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი წინასაარჩევნოდ ბილბორდიდან ზურაბიშვილის ნაცვლად ივანიშვილის ფოტოს განთავსებას.
გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება უკვე ნათლად აჩვენებს, რომ „ოცნებას“ მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის რცხვენიათ.
გაბაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი კანდიდატურის მოხსნა იქნებოდა, თუმცა, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
„ეს არის უკვე აბსოლუტურად წაგებული თამაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატის გრცხვენია. რცხვენიათ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის, იციან მის მიმართ განწყობა ქართველი ხალხის, ასეთ ვითარებაში ყველაზე სწორია კანდიდატურის მოხსნა, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ და არ გააკეთეს, რა თქმა უნდა, 28 ნოემბერს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს არის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლისაც საკუთარ პარტიას, რომელმაც ის წარადგინა რცხვენია და ცდილობს სხვა სახეების გადაფაროს მისი კამპანია,“ - განაცხადა გაბაშვილმა.
წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები დღეს დილიდან გაჩნდა. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა ბანერზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.