თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 871 მილიონი იქნება. ის 10 მილიონით გაიზარდა.
"ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, 174 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გათვალისწინებული, გაიხსნება 10 ახალი საბავშვო ბაღი და გაიზრდება წარმომადგენლობითი ხარჯები.
ბიუჯეტის მიხედვით, იზრდება სახელფასო ხარჯები რიგითი თანამშრომლებისთვის. ბიუჯეტი კანონმდებლობის დაცვით გუშინ, 15 ნოემბერს გადაეგზავნა თბილისის მერიიდან საკრებულოს. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ პროექტის კორექტირებაც მოხდეს.
„2019 წლის ბიუჯეტის პროექტი პროექტი, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 10 მილიონი ლარით. ზედმეტი პოლიტიკურ სპეკულაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, ამიტომ წინასწარ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ თქვენ საქმის კურსში ჩაგაყენოთ. იზრდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები. 97 მილიონ ლარზეა საუბარი. ზრდა გვაქვს შრომითი ანაზღაურების მიმართულებით და აქაც მინდა ცალსახად ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არც ერთ თანამდებობის პირს, არც მერს, არც მის მოადგილეებს, არც საკრებულოს დეპუტატებს, არც საქალაქო სამსახურის უფროსებს ერთი თეთრით არ ეზრდებათ შრომის ანაზღაურება, აქ საუბარია რიგით თანამშრომლებზე,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.