19 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
„ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც - ეკა ბესელია ახალი ბილბოდების გამოჩენას განმარტავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის ახალი ბილბორდების გამოჩენას ეხმაურება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატის ნაცვლად „ოცნების“ სახეები არიან გამოხატული.

ეკა ბესელია ბილბორდზე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოჩენაში უცნაურს ვერაფერს ხედავს და ამ ცვლილების მიზანს განმარტავს.

„მეორე ტურის კამპანიის ახალი ბილბორდების მთავარი გზავნილი არის რა - ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომელიც სრულად არ მოვიდა პირველ ტურზე იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა იმისთვის, რომ მობილიზება მოხდეს ყველა ჩვენი იმ ამომრჩევლის, რომელიც პირველ ტურზე ვერ ან არ მოვიდა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თბილისში ახალი ბილბორდები გამოჩნდა - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პრემიერმა, მამუკა ბახტაძემაც ჩაანაცვლა.

სარეკლამო ბანერზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის სახელი, გვარი, საარჩევნო ნომერი და სლოგანი წერია, თავად ზურაბიშვილი არსად ჩანს.

ბილბორდებთან დაკავშირებით საქმის შესწავლას იწყებს აუდიტის სამსახური, რომელსაც მოუწევს გაარკვიოს, რამდენად კანონიერად არის გაკრული ეს ბილბორდები, მათ შორის, ვინ გადაიხადა ბილბორდითვის საჭირო თანხა - ზურაბიშვილმა თუ "ქართულმა ოცნებამ."

 

დღის ამბები