რატომ გაქრა საარჩევნო კამპანიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი და რატომ ანაცვლებენ მას „ქართული ოცნების“ ლიდერებით - კითხვა სალომე ზურაბიშვილმა დღესაც უპასუხოდ დატოვა.
საპრეზიდენტო კანდიდატი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა, შემდეგ მედიასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა, თუმცა როცა კითხვა საარჩევნო ბანერებიდან მისი "გაქრობის" შესახებ დაუსვეს, წავიდა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
„ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ ეს ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის კამპანია, როგორ გარდაიქმნა ეს კამპანია ბევრად უფრო ნეო საბჭოთა კამპანიად, ვიდრე ის რასაც მე ვისურვებდი და ამის შესახებ ძალიან ბევრი დეტალები გავაცნე მას, თუნდაც ის ბოლო დროინდელი მუქარები, რომელიც სხვათა შორის, ასევე ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ასევე არის ამერიკის მოქალაქე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მისი საარჩევნო კამპანიიდან ჩამოშორების შესახებ დასმულ შეკითხვას, მხოლოდ მოკლე კომენტარით უპასუხა.
„ყველგან ვარ, სადაც უნდა ვიყო,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.