არჩევნების მეორე ტური, წინასაარჩევნო გარემო და ზეწოლა ოპოზიციის მხარდამჭერებზე - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ დარღვევებისა და ძალადობის შესახებ, რომელიც დაფიქსირდა არჩევნების დღეს.
ყურადღება გამახვილდა ახალქალაქში მომხდარ ძალადობაზე. საუბრის ერთ-ერთი თემა საარჩევნო თარიღი იყო. ოპოზიცია ცესკო-ს მიერ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. თინა ბოკუჩავას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.
„ორ მთავარ თემაზე იყო საუბარი, ერთი ეს არის ახალქალაქში მომხდარი ძალადობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა დეპუტატი ენზელ მკოიანი და ნაცლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს ძალადობა, ისინი პირდაპირ, ხელს აფარებენ ამ ადამიანს, მათ შორის ირაკლი კობახიძის განცხადებებით და ამით ახალისებენ ძალადობას და მეორე, ეს არის არჩევნების თარიღის თემა, სადაც პირადად თამარ ჟვანიამ მიიღო პოლიტიკური გადაწვეტილება, რომ შუა კვირაში დაენიშნა არჩევნები და ამით ხელი შეეშალა ათი ათასობით ჩვენი მოქალაქისათვის მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.