პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს.
რაიონული ოფისის 8 წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ, "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.
მათი თქმით, პროტესტის მიზეზი დავით ბაქრაძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც ისინი მეორე ტურში მხარს "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერენ.
„ამ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება აღარ გვინდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ევროპული საქართველო იყო ცალკე პარტია და ბაქრაძე იყო ცალკე კანდიდატი. ჩვენ არ ვიცოდით, რომ შეუერთდებოდნენ და ასეთი ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული,“-განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” ყოფილმა წევრმა მანანა გულდამაშვილმა.
"ევროპულ საქართველოს” წევრები კი მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.
„ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლებს და შესაძლებელია, რომ რაიმე დაპირებებსაც ჰქონდეს ადგილი. საარჩევნო მოსყიდვებს, სამსახურების შეპირებას, ფულადი ანაზღაურება და ა.შ. მაგრამ ხელისუფლებას პასუხს გასცემს ხალხი, 28 ნოემბერს, მეორე ტურში,“-აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გოჩა სიბაშვილი.