19 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო "ქართულმა ოცნებამ“ ყველა რესურსი მოისროლა - ექსპერტები აგრესიული შინაარსის ბანერებზე საუბრობენ 

ნეგატიური კამპანია, რომელიც ახლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიმდინარეობს, ქვეყნისთვის დამაზიანებელია - ამ განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე, დედაქალაქში აგრესიული შინაარსის ბანერების გაკვრას ეხმაურება. 

ანალიტიკოსის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" აგრესიული საარჩევნო კამპანიით, ბევრი რამ დადო სასწორზე. ექსპერტი პოლიტიკოსებს ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებში სახე შეინარჩუნონ. 

„ვერ გამიგია, რატომ არის, რომ ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო "ქართულმა ოცნებამ“ ყველა რესურსი მოისროლა, ყველაფერი დადო სასწორზე, თავის თავი დადო სასწორზე,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძეც. ექსპერტი საარჩევნო ვითარების შეფასებისას აქცენტს მმართველი გუნდის მიერ გამართულ აქციებზე აკეთებს და ამბობს, რომ სასაცილოა, როდესაც ოპოზიციას მიტინგს ხელისუფლება უმართავს.

„დღეს ჩვენ ხელისუფლება გვყავს, რომელიც მიტინგებს უწყობს ოპოზიციას. ძალიან ბევრი ქვეყანა მინახია, სადაც ოპოზიცია მიტინგებს უწყობს ხელისუფლებას, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება უწყობს მიტინგს ოპოზიციას და ასეთი დინამიკით მიდის კამპანია, რაც ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოა, სევდიანი რომ არ იყოს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა. მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები