პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს გამთენიისას ბრიუსელში გაემგზავრა. დაგეგმილია მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა.
მაღალი დონის აუდიენცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ჩავუტანთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს თუ როგორ შეიძლება ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური, დავაჩქაროთ და მივიღოთ კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან.
„სერიოზული მზაობაა ევროკავშირის მხრიდან, რომ გვქონდეს საუბარი სექტორალური თანამშრომლობის კუთხით. კერძოდ; ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს,“- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.