საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საბანკო დავალიანების გამო შავ სიაში მყოფ პირებს ვალები ჩამოეწერებათ, ამომრჩევლის მოსყიდვად არ მიიჩნევენ.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის რომან კაკულიას განცხადებით, ეს ისეთივე სტანდარტული დაპირებაა, როგორც პენსიების ან ხელფასების მომატება და ამიტომ ამომრჩევლის მოსყიდვადაც ვერ ჩაითვლება.
„ფაქტი არის ისეთივე ტიპის დაპირება, როგორიც პენსიების ზრდის მიმართ, ხელფასების ზრდის მიმართ და სხვა ტიპის ვალდებულებების მიმართ, რომელსაც მთავრობა აპირებს რომ მოაგვაროს.
გასაგებია რომ ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ფონდი შემოდის ერთ-ერთ მოთამაშედ და ეს გარკვეულ არასტანდარტულ სიტუაციას ქმნის, მაგრამ ეს განსაჯოს საზოგადოებამ. ახლა არ გვაქვს დემოკრატიის ის სტანდარტი ქვეყანაში,რ ომ ოქროს სასწორზე ავწონოთ სამწუხაროდ ყველა გადაწყვეტილება.
ღმერთმა ქნას, რომ ეს მხოლოდ მაქსიმუმი ყოფილიყოს დემოკრატიის სტანდარტისგან გადახვევის, რაც ამ ქვეყანაში არის და იქნება სამომავლოდ, ჩემი აზრით ამას საზოგადოება გაიგებს,“-აცხადებს რომან კაკულია.
უპრეცენდენტო ქველმოქმედება -ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია ხელისუფლების გადაწყვეტილებას ვალების ჩამოწერის შესახებ.
ბესელია ამბობს, რომ ინიციატივა იურიდიულად სრულად გამართულია. მისი თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად ოპოზიციამ მაინც მოახერხა ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით გადადგმული ნაბიჯი გაეკრიტიკებინა.
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით, ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოისყიდის. სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში, თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
მესამე სექტორი ამ ინიციტივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს და გამოძიები დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.