19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
მუქარა და მოსყიდვის უპრეცედენტო ფაქტები - არასამთავრობოები წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს შემაშფოთებელს უწოდებენ

ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა და მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბები - არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებსა და ზეწოლაზე საუბრობენ.  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესს აქტიურად აკვირდებიან და უახლოეს დღეებში ახალ შუალედურ ანგარიშს წარადგენენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები აცხადებენ, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველზე ზეწოლამ სახიფათო მასშტაბები მიიღო, რასაც ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები ემატება. მათი თქმით, მოსყიდვის ფაქტებმა შესაძლოა, არჩევნების შედეგზე გავლენა იქონიოს, რამაც არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს. 

არჩევნებთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნები" შუალედურ ანგარიშს ამზადებს, რომელიც საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პირველი ტურიდან მეორე ტურამდე ზეწოლის ფაქტები შემაშფოთებელია.  მან კონკრეტული დარღვევების შესახებ ისაუბრა. 

„არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გამოკვეთა, რომ მსგავსი ტიპის ზეწოლა-მუქარის შემთხვევებს მსგავსი ტიპის მასშტაბურ უპრეცედენტო მოსყიდვის შემთხვევებს შესაძლოა, ჰქონდეს სერიოზული გავლენა თავად არჩევნების შედეგზე. ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულად მაღალი რაოდენობის ზეწოლა-მუქარის შემთხვევებს, იგივე ID ბარათების ჩამორთმევის მცდელობაზე, რომ არ მისცენ ხმა და არ მივიდნენ არჩევნებზე, მოწოდებები იმისკენ, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი. კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, საჯარო სამსახურებში ადამიანებს დააწერინეს გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ განცხადებები და ეუბნებიან, თ არ გაიმარჯვებს ზურაბიშვილი, ეს განცხადებები ძალაში შევა,“- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლების დაპირებასაც აფასებენ, რომლის მიხედვით, 600 ათასი მოქალაქის ვალს, ჯამში მილიარდ ნახევარ ლარს ფონდი „ქართუ“ გადაიხდის.

„ჩვენი მთავრობა იწყებს კონკრეტულ სპეციალურ პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია მეორე ტურთან. არ გვგონია, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა, თუ ასეთი შედეგი პირველი ტურის შემდეგ არ დადგებოდა,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.

დღის ამბები