„უი, გაცოცხლდნენ? ამოვიდნენ სარდაფებიდან?“- ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა არასამთავრობოების მისამართით გააკეთა. კახა კალაძემ ვალების ჩამოწერის შესახებ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის კრიტიკას უპასუხა.
თბილისის მერის თქმით, ხელისუფლების დაპირება არჩევნებს არ უკავშირდება, რადგან მასზე მსჯელობა დიდი ხანია, მიმდინარეობდა.
„ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი ჭარბვალიანობის თემაზე, სანამ არჩევნები დაიწყებოდა და გამოცხადდებოდა არჩევნების თარიღი, მანამდე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც პოლიტიკაში შემობრუნდა, ამაზე საუბრობდა ბატონი მამუკა ბახტაძე. ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, პირველი იანვრიდან მოეხსნებათ. ძალიან რთულია ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ, დაინტერესდებიან ", - განაცხადა კალაძემ.
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.
სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.