ფესტივალის “პაემანი რუსეთთან” დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი ვლადიმერ პიროჟკოვი, რომელიც გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს თბილისში ჩამოსვლას დღესაც გეგმავს - ეს ინფორმაცია „კურიერს“ ფესტივალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა მიაწოდა, თუმცა იგორ შიბანოვის თქმით, მას პირადად არ უსაუბრია პიროჟკოვთან და ფესტივალის დამფუძნებლის ზუსტი გეგმები არ იცის.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ფესტივალის მონაწილეების ნაწილი შესაძლოა საქართველოში დღეს ჩამოვიდეს, მათ შორის მისი გენერალური პროდიუსერი, ვლადიმირ პიროჟკოვი. არ ვიცი ჰქონდა თუ არა პირადად მას პრობლემები საქართველოს კანონმდებლობასთან. თუკი ვითარება ისეთია, როგორც მე მითხრეს და ფესტივალის მონაწილეებმა რაიმე სახით საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს, მაშინ ქართული მხარე სწორად მოიქცა. კანონს პატივი უნდა ვცეთ. ნებისმიერ ქვეყანაში სადაც ჩადიხარ, უნდა გქონდეს ინფორმაცია იქ არსებული წესებისა და კანონების შესახებ,”- ამბობს ფესტივალის პროდიუსერი იგორ შიბანოვი.
მისთვის ასევე უცნობია, რა მიზეზით არ შემოუშვეს იგი საქართველოში. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლეს ასევე რეჟისორმა ბორის გრაჩევსკიმ და მისმა მეუღლემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისინი ქვეყანაში მოქალაქეობის არ მქონე პირების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით არ შემოუშვა, თუმცა სამივე პირს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული და ამის ვიდეომტკიცებულებები არსებობს.
ამის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ხელოვანების ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი არასანქცირებული ყოფნა არ დაასახელა.