ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო დაბეჭდვის საქმის სკანდალური გაგრძელება - წალენჯიხის იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი რეგიონიდან არჩევნების წინ თბილისში მივლინებით სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, სოსო გიორგაძის დავალებით გადაიყვანეს.
აღნიშნული ინფორმაცია „კურიერს“ არკადი ფიფიას ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. სწორედ გიორგაძეა ის პირი, რომელიც არასამთავრობო სექტორის წყაროს ცნობით, ყალბი პირადობის მოწმეობების ბეჭდვის ბრძანებას გასცემდა.
ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის საქმეზე მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლის დაკითხვა დასრულდა. „კურიერის“ კითხვებს დიდ ნაწილს არკადი ფიფია გაექცა.
მისი თქმით, გლდანში მივლინებით იმიტომ იმყოფება, რომ 2019 წლისთვის დაგეგმილი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საკითხს განიხილავენ.
„არ ვაკეთებ კომენტარს. არაფრის მეშინია. 2019 წლისთვის დაგეგმილია წალენჯიხაში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა, ამასთან დაკავშირებით გავდივართ გადამზადებას. ჩვენ გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში ვართ იმისთვის, რომ მოვემზადოთ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით. სხვა დანარჩენ კითხვასთან დაკავშირებით მიმართეთ პრესსამსახურს,“- განაცხადა არკადი ფიფიამ.