19 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ბუნებრივია, მით უფრო გააძლიერებდა ივანიშვილი ტერორს ბიზნესზე" - ზაალ უდუმაშვილი

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ბუნებრივია მით უფრო გააძლიერებდა ბიძინა ივანიშვილი ტერორს ბიზნესზე,“-ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ბიზნესზე ზეწოლისა და რეკეტის შესახებ ბიზნესმენს თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის წევრის განცხადებას.

უდუმაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულით არავის დაეხმარება და ის ბიზნესისთვის წართმეული ფულით აპირებს მოვალეთა შავ სიაში მყოფი 600 ათასი პირის ვალის დაფარვას.

„ის ხომ ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის საკუთარი ფულით არაფერს აფინანსებს და არც იმ პროექტს დააფინანსებდა რომელიც ბახტაძეს გამოაცხადებინა ე.წ. ამნისტიის შესახებ, ბიზნესს მოუწევს ამის საკუთარი ჯიბიდან გადახდა, სწორედ ა მიტომ რიგი დააყენეს "ქართუ ბანკთან," ყველას იბარებენ და ყველას სთხოვენ ქეშით მიიტანონ ფული, რომ რაღაც პროექტები განახორციელოს ბიძინა ივანიშვილმა. ეს ყველაფერი დასრულდება მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბიზნესი საქართველოში სულ ღაფავს გარდა იმ ბიზნესისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებს ბიზნესისგან წამოღებული ფულით აფინანსებდა, თუმცა ამჯერად ბიზნესმენები ზეწოლაზე ალაპარაკდნენ, რადგან ხედავენ, რომ „ქართულ ოცნებას,“ განვითარების პერსპექტივა აღარ აქვს.

„ეს არ არის პირველი არჩევნები, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ბიზნესზე და მათი ფულით მიდის არჩევნებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზნესი ალაპარაკდა იმიტომ, რომ ხედავს რომ "ქართული ოცნების" პირობებში განვითარებას პერსპექტივა არ აქვს,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები