პროკურატურა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობის დასახელებას სთხოვს. უკვე მესამე დღეა, მთავარ საგამოძიებო უწყებაში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს.
სამ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციაზე განხორციელებულ ზეწოლას ქართული სამოქალაქო სექტორი ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. 16 ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ სისტემის მამხილებლების წინააღმდეგ რეპრესიული ინსტრუმენტები აამოქმედა, რომლის მიზანია, დააშინონ არასამთავრობოების ინფორმატორები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2004 წელს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიღების შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებას წყაროს გათქმა მოეთხოვა.
გამოძიების დასრულებას ელოდება მმართველი გუნდი. ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმურობას.
სამოქალაქო სექტორში კი მიიჩნევენ, რომ წყაროს გამჟღავნების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა.
ავტორები: ნინო გაზდელიანი, ქეთევან სობონი.