ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა.
ეს შეფასება მან ამერიკის ხმის ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.
„გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია,“ - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, "ეს არჩევნები 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან".
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ.
„უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დავესწარი. საქართველო პირადად ჩემი, ლიტვისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია და ბალკანეთის იმ სახელმწიფოების გვერდით დგას, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვთ. მეორე მხრივ, წუხილის ბევრი მიზეზიც გვაქვს. არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეს-კონფერენციისას ვისაუბრე. ეს საქართველოს მომავლისათვის სასარგებლო არაა. დარწმუნებული ვარ, [მომხდარი] საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს,“ - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.