ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა, ძალადობრივი ინციდენტები, მოქალაქეების მოსყიდვის შემთხვევები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - სამი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.
სამოქალაქო სექტორის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურის წინ საარჩევნო გარემო მკვეთრად ნეგატიური და პოლარიზიბულია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე ხაზი გაუსვეს იმ აგრესიულ და ხშირ შემთხვევაში ყალბ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც სოციალურ მედიაში მიმდინარეობს.
„მინდა, ორ მნიშვნელოვან თემას შევეხო, ერთი ეხება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებს და მეორე უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობას. დავიწყებ პირველი საკითხით, რომელიც ეხება ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებს. აქ ყველას პირველი რაც გვახსენდება, არის ე.წ. 600 ათასი მოქალაქისთვის სპეციალური პროგრამის შემოტანა. ეს ხდება მეორე ტურის წინ, ამას ოფიციალურად აანონსებენ და ამაზე საუბრობენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირები, რომელიც მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი, ასევე ამ პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ფონდი ქართუ“,“- განაცხადა „საიას“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.