მარნეულში სოფელ იმირში ხმის დათვლის პროცესს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ერთმანეთს ჯერ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოქმი, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს საბოლოოდ პოლიციამ წაიღო.
მანამდე კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოპოზიციის წარმომადგენლები შემაჯამებელი ოქმის ცესკოში წაღების საშუალებას არ აძლევდნენ, რადგან მათ კომისიის თავმჯდომარემ ოქმის ქსეროასლის გადაღების უფლება არ მისცა.
„მოვედით ოქმის წასაღებად, მე ვარ შტაბის უფროსის მოადგილე და პოლიციამ გვცემა. გზაზე დავწექით არ ვაძლევდით საშუალებას რომ ოქმი წაეღო, მაგრამ პოლიციამ კორდონი გააკეთა და მაინც წაიღეს. ოქმი ვერ ვნახეთ წაიღო პოლიციამ. წაიღებენ გადააკეთებენ, არ მოგვცეს ოქმი არ გვაქვს“-ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი.
დამკვირვებლები კი აცხადებენ, რომ უბანზე პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესვლა აუკრძალა. დამკვირვებლები ამბობენ, რომ პოლიცია ადგილზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ნავერიანთან ერთად მივიდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ შემაჯამებელი ოქმის ასლს არ დაუბრუნებენ ისინი უბანს არ დატოვებენ.