„ეს არის დამარცხებული გუნდი, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა არა ძალადობას, კიდევ ერთხელ უთხრა არა ბოროტებას, სიძულვილს,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, გაერთიანებული ოპოზიციის გეგმების შეფასებისას გააკეთა.
თბილისის მერი კრიტიკულად აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეხება. კახა კალაძის თქმით, ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრა ამომრჩეველმა უარი.
კალაძე ამბობს, რომ კვირას, ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის დროს, თუ რაიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდება, ხელისუფლებას სათანადო რეაგირება ექნება.
„მათ თავისუფლების გამოხატვაში არავინ არ ზღუდავს, თუმცა, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. თუ იქნება რაიმე გადაცდომა და რაიმე კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისად, იქნება რეაგირება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ოპოზიცია არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის, რადგან მათი განცხადებით, საარჩევნო პროცესი დარღვევების, ძალადობის და დაშინების ფონზე წარიმართა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ კვირას, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა.