19 მაისი 2024,   01:47
ვრცლად
"თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. მთავარი პოლიტიკური ნებაა" - ეკა გიგაური მოსამართლეთა 10-კაციან სიაზე

მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ეხმაურება.

გიგაური აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება გაუგებარია, რადგან მან არ გამორიცხა, რომ პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები უვადოდ დაინიშნონ.

გიგაურს ირაკლი კობახიძის განცხადებიდან გამომდინარე კითხვები უჩნდება, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების გაწერის შემდეგაც კი შესაძლებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნონ.

გიგაურის შეფასებით, მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები „თვალებში ნაცრის შეყრას“ ჰგავს და არსებული სიტუაციის შეცვლისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს.

ეკა გიგაური ოცნებას მოუწოდებს, რომ პრინციპული პოზიცია დააფიქსირონ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დაიწყონ უვადო მოსამართლეთა შერჩევისთვის კრიტერიუმების შემუშავება.

„ვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარეს. თქვა, რომ სიის გაწვევა შეუძლებელიაო და კრიტერიუმებს გავწერთო. ამ კრიტერიუმებით განვიხილავთ არსებულ სიას და ვიმსჯელებთ წარმოდგენილ კანდიდატებზეო. ეს ყველაფერი კი საერთოდ არ გამორიცხავს ამ სიაში წარმოდგენილი ადამიანების არც უვადოდ დანიშვნის და არც მათი ჩაგდების შესაძლებლობას. ანუ ყველაფერი კვლავაც ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება.

ახლა მაქვს რამდენიმე კითხვა:

1. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარლამენტი ჩინჩალაძე/მურუსიძის ულტიმატუმს დასთანხმდა, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში გვმოძღვრავდნენ, რომ სიას არ გაიწვევდნენ და ეს არის გამორიცხული?

2. თუ არ დასთანხმდა ულტიმატუმებს და ჰგონია, რომ კანონში არაა გაწერილი სიის გაწვევის პროცედურები, რატომ არ უნდა, ფორმალურად უყაროს კენჭი ამ სიას და ჩააგდოს ყველა კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია საბჭოს მიერ? რატომ იხილავს საერთოდ ამ სიას? მან ხომ იცის, რომ სიაში ჩინჩალაძის კლანის წევრებია წარმოდგენილი?

3. კობახიძეს მართლა ჰგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნა მხოლოდ კრიტერიუმები იყო და არა იმ მოსამართლეების არ დანიშვნა, რომლებიც სიაშია წარმოდგენილი?

4. თუკი ასე ფორმალურად უდგება, ამ ახალ კრიტერიუმებს წარმოდგენილი მოსამართლეები მარტივად დააკმაყოფილებენ? ანუ თუ ჩინჩალაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, აქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, ის უნდა დაინიშნოს? ამას ამბობენ?

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა!

მმართველმა პარტიამ, სანამ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას, აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას! ესაა მთავარი. აპირებს თუ არა სასამართლოს სისტემაში ჩინჩალაძე/მურუსიძის კლანის მოშლას და არის თუ არა მზად, სასამართლოში ჩარევაზე უარი თქვას. ანუ, გააჩნია თუ არა პოლიტიკური ნება, შეცვალოს სასამართლოს სისტემა!

გამოსავალი ერთია - კლანი უნდა წავიდეს, კეთილსინდისიერ მოსამართლეებს მიეცეთ დამოუკიდებლობის შანსი და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს სასამართლოში მიმდინარე პროცესებში,“ - წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე
დღის ამბები