19 მაისი 2024,   00:00
ვრცლად
"დადასტურებული ეჭვია, რომ კერესელიძემ ქონება კორუფციით იშოვა" - თარხნიშვილი სამგორის ყოფილ გამგებელზე

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დავით კერესელიძეს აქვს პრობლემები კანონმდებლობასთან,“- „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის, დავით კერესელიძის სახელთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება.

თარხნიშვილი ამბობს, რომ კერესელიძემ თანამდებობის მიღებიდან ერთ წელიწადში მილიონიანი ქონება დააგროვა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის კორუმპირებულია.

„როდესაც ის ინიშნებოდა გამგებლის თანამდებობაზე, მაშინაც ცნობილი იყო, რომ მის წინააღმდეგ იყო აღძრული საქმე მუქარის მუხლით. მიუხედავად ამისა, ის დანიშნა ამ თანამდებობაზე და ერთ წელიწადზე ცოტა მეტში ერთ მილიონზე მეტი ქონება იშოვა და სწორედ ეს ქონება არის ახლა გამხდარი სადაო. შესაბამისად, არის ეჭვი და დადასტურებული ეჭვი, რომ მან ეს ქონება კორუფციით იშოვა. ზოგადად, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, "ქართული ოცნების" ბიუროკრატია, ხალხის პრობლემების მოგვარების ნაცვლად დაკავებულია თავის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით“-აცხადებს თარხნიშვილი.

სამგორის რაიონის ყოფილ გამგებელს, დავით კერესელიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ სარჩელი მისმა ნათესავმა შეიტანა.

სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის ნათესავმა, იოსებ ფილიშვილმა საგამოძიებო უწყებას ერთი წლის წინ მას შემდეგ მიმართა, რაც მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის გასაყიდად იუსტიციის სახლში მივიდა, მიწა კი უკვე გაყიდული და ბიძის სახელზე დარეგისტრირებული დახვდა. ფილიშვილი 6 მიწის ნაკვეთზე დავობს.

ნაკვეთები, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, კერესელიძემ საეჭვო მინდობილობების საფუძველზე შეიძინა. ყველა დოკუმენტი ნოტარიუსმა ირმა გოგიამ დაამოწმა, რომელიც ყოფილი გამგებლის დისშვილია.

სადავო მიწის ნაკვეთები დავით კერესელიძემ სამგორის რაიონის გამგებლად მუშაობის პერიოდში დაირეგისტრირა. საკრებულოს ოპოზიცია მას კორუფციაში მაშინვე ადანაშაულებდა და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კერესელიძემ პოსტი გასული წლის აპრილში დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები