18 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
„ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს, ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია” - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

„ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია” - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ Facebook გვერდზე.

როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის ავტოკეფალია რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისია და ვინც ამ გამარჯვებას უკრაინას არ ულოცავს, რუსულ იმპერიალიზმს ემსახურება.

„დღეს საქართველოს ზედა ეშელონებში წამოსკუპებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორია ულმობელ მსჯავრს დაადებს მათ და სერგო ორჯონიკიძეების და დიმიტრი აბაშიძეების გვერდით, სამარცხვინო ბოძზე მიუჩენს მათ სახელებს ადგილს. რუსული იდეოლოგიური მანქანა ყოველნაირად ცდილობს, შეაფერხოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობის და აღიარების პროცესი, მაგრამ მათი გავეშებული ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, მოსახდენი მოხდა: კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინას, ვითარცა დედა-ეკლესიმ შვილ-ეკლესიას, მიანიჭა ავტოკეფალიის ტომოსი კანონიკური პროცედურების სრული დაცვით. დანარჩენი არჩევანის საკითხია: ან თავისუფლების მხარე, ან ბნელი იმპერიული მკვლელი რუსეთი,“- წერს დეკანოზი.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას საქართველოს საპატრიარქო ამ დრომდე ოფიციალური განცხადებით არ გამოხმაურებია. როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები აცხადებენ, მილოცვამდე საპატრიარქო ტომოსის შინაარსს უნდა გაეცნოს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას უკრაინელ ხალხს ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცოს. ოფიციალური განცხადება არც პრემიერს გაუკეთებია. მამუკა ბახტაძემ ამ საკითხზე დასმულ კითხვას თავი აარიდა.

4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები