19 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
აქცია "ყაზტრანსგაზთან" - მოქალაქეები მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თბილისის მერიასა და კომპანიას აკისრებენ

ყაზტრანსგაზის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პასუხისმგებლობას, დიდი დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის მერიასა და ყაზტრანსგაზს აკისრებენ.

მათი განმარტებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით არ დაისჯება.

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა მემანიშვილი, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მერიის სხვადასხვა უწყებას აკისრებს.

„რა თქმა უნდა, მერიის უწყებების პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსგავსი ამაზრზენი ტრაგედიები აღარ მოხდეს და, თუ საჭიროა, ჩაერიოს იმ დონეზე, რა დონეც იქნება საჭირო ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას იმიტომ, რომ სამწუხაროდ, საზოგადოება უნდა იყოს მეტად აქტიური იმიტომ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, რა შეიცვლება და რა არ შეიცვლება,“ - განაცხადა მემანიშვილმა.

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება სამი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის დროს დაშავდა 8 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი დააკავა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მათ არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. 

დღის ამბები