26 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
სკანდალური საქმის ახალი დეტალები - ჯეკ შეპარდს ბრიტანელი სამართალდამცველები ბარმენზე თავდასხმის გამოც ეძებდნენ

ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯეკ სებასტიან შეპარდს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა, რომელსაც ის გლდანის ციხეში მოიხდის. შესაძლო მიმალვის საფრთხის გამო, მოსამართლემ, რომან ხორავამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

სასამართლოს სხდომაზე შეპარდი ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთიდან საქართველოში არ გამოქცეულა და სამშობლო დეპრესიის გამო დატოვა.

შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობის საქმის გარდა, ჯეკ შეპარდს სკოტლანდ იარდი კიდევ ერთი დანაშაულისთვის ეძებდა. საქმის მასალების მიხედვით, შეპარდმა თბილისში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, ბარში იჩხუბა და ბარმენს თავში სასმლით სავსე ბოთლი ჩაარტყა.

ინგლისის კანონმდებლობით, დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, ლონდონში ამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

სკოტლანდ იარდი შეპარდის დაკავებასა და ლონდონში მის ექსტრადირებას ითხოვს, რასაც არ ეთანხმება მისი დაცვის მხარე. ადვოკატები ამბობენ, რომ ჯეკ შეპარდს დაღუპული შარლოტა ბრაუნის გავლენიანი ნათესავები ემუქრებიან და მისი ბრიტანეთისთვის გადაცემის შემთხვევაში შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხეც დაემუქროს.

ჯეკ შეპარდზე განხორციელებული მუქარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ პროკურატურაში. პროკურორი ამბობს, რომ შეპარდის ინგლისში ექსტრადირების საქმეს მოსამართლე გადაწყვეტს.

ჯეკ შეპარდმა თბილისში 10 თვე გაატარა, ამ ხნის მანძილზე რამდენიმე საცხოვრებელი გამოიცვალა. თუმცა, საცხოვრებელს ყოველთვის ქალაქის ცენტრალურ უბანში არჩევდა. ბოლოს, ქავთარაძეზე, ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ბრიტანული მედია წერს, რომ ის თბილისში ვებდიზაინერად მუშაობდა, ჰყავდა საკუთარი გუნდი. თუმცა, არ სარგებლობდა საბანკო გადარიცხვებით და თანხას მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით იღებდა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები