ქართული ოცნებიდან დეპუტატები მიდიან, მაგრამ პირველი ეკა ბესელია არ იქნება. ბექა ნაცვლიშვილი უკვე არ მალავს, რომ უმრავლესობასთან ერთად პოლიტიკური თანაცხოვრების გაგრძელება აღარ სურს.
ამბოხებული დეპუტატების ლიდერად მონათლულ ბესელიას კი დრო ისევ გაჰყავს.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას და თანაგუნდელებს ღიად მიანიშნეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გადავადება არ მოხდება, მაგრამ ბესელიას სურს, რომ ფაქტის წინაშე დადგეს და ჯიუტად ელოდება პლენარულ სხდომას და კენჭისყრას.
ურთიერთობა, რომელიც პოლიტიკურ კორექტულობას მმართველ გუნდში უკვე დიდი ხანია, გასცდა, იურიდიული კომიტეტის სხდომის შემდეგ პიკს აღწევს. უმრავლესობის წევრები ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. ინიციატივის ხელმომწერები კი მათ მოწინააღმდეგეებს - პოლიტიკურ თამაშებში.
ეკა ბესელიას ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ მმართველი გუნდის ნაწილი, სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური ძალის გვერდით, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, მათი ადგილი არ არის.
უმრავლესობის ლიდერი კი თანაგუნდელების ნაწილს ისევ კარისკენ მიუთითებს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას აღარაფერში სჭირდება.