TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სახელმწიფოს მიტაცების ტენდენციად აფასებს სამოქალაქო სექტორი.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდის არც ერთი გახმაურებული საქმე, სადაც „ქართული ოცნების“ ინტერესები იკვეთებოდა, არ არის გამოძიებული.
„საქართველოში არის სახელმწიფოს მიტაცების ტენდენციები და სახელმწიფოს მიტაცება ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც მოსახლეობას და საზოგადოებას არ აქვს განცდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუტები. მთავარი პროკურორი გვყავს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი, პერსონალური ადვოკატი. ანუ მოლოდინი იმისა, რომ საგამოძიებო უწყებებს ექნებათ ადეკვატური რეაგირება ამ განცხადებაზე , არავის არ აქვს,“-აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
ექსპერტების თქმით, პროკურატურის განცხადებებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება გამოძიების ობიექტურად წარმართვის საკითხიც.
„იქმნება ხშირად ისეთი განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებიან არა სახელმწიფოს, არამედ გარკვეულ ინტერესჯგუფებს,“-ამბობს გია ხუხაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, TBC ბანკის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობენ და სრულ პასუხისმგებლობას, ექსპრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.