პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საპატრიარქოს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.
როგორც სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, რადგან განცხადება შესული არ არის, შეწყალების კომისია შეკრებისას „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხს ვერ განიხილავს.
„განცხადება შემოსული არ არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად არ მიმდინარეობს განხილვა,“-განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად შეწყალების კომისიას, მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ კომისია იმგვარად დაკომპლექტდება, რომ შეწყალების აქტის შემდეგ გაჩენილ ნებისმიერ შესაძლო კითხვას უპასუხოს.
„თავად კომისიის კონცეფციას, რომელსაც დაეფუძნება ახალი კომისია, იქნება მაქსიმალურად დაკომპლექტებული ისე, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერი შეწყალების შემდეგ არსებობდეს იქნება პასუხგაცემული,“-აცხადებს მოისწრაფიშვილი.
შეწყალების კომისიის დაკომპლექტებასა და მის კონცეფციაზე განცხადებას პრეზიდენტი ხვალ, პარლამენტში გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს საკუთარ ხედვას გააცნობს.