თბილისის საქალაქო სასამართლოში, TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა იწყება. ხაზარაძე სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მუქარის შემცველი წერილი, რომელიც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაუგზავნა, სასამართლოში მიიტანა.
"წერილი თან მაქვს," - განაცხადა ხაზარაძემ.
საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.
მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მის მიერ, გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.
ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.