ბათუმში დამწვარი საცხოვრებელი სახლი - რომან ნაკაშიძე ცეცხლის გაჩენას პოლიციასთან დაძაბულ ურთიერთობას და "პოსტსკრიპტუმის" ეთერში გასულ რეპორტაჟს უკავშირებს. ცეცხლი დაკეტილ სახლში იმ დროს გაჩნდა, როდესაც ბინაში დენიც და გაზიც გათიშული იყო.
რეპორტაჟი "პოსტსკრიპტუმში" 3 თებერვალს გავიდა. ნაკაშიძე ყვებოდა, რომ ბათუმში პოლიციის განყოფილებაში იბარებდნენ და უბნის ბიჭებისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ. ასევე, 2016 წლის არჩევნებზე სამთავრობო პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებას სთავაზობდნენ, რაზეც ნაკაშიძემ უარი განაცხადა. მისი თქმით, ამის შემდეგ გადაეკიდნენ და მალევე ნარკოტიკი ჩაუდეს. პირველმა ინსტანციამ გაამართლა და გათავისუფლებული ნაკაშიძე საფრანგეთში წავიდა, ამასობაში კი პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა და თავისუფლების აღკვეთა 8 წლით მიუსაჯა.
ნაკაშიძე პირდაპირ ასახელებდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იმდროინდელ დირექტორს, ლაშა გოგნიაშვილს. რომან ნაკაშიძე ფიქრობს, რომ სახლი სპეციალურად დაუწვეს და ამით კიდევ ერთხელ იძიეს შური ან დააშინეს.
რომან ნაკაშიძე ამბობს, რომ გამოძიებას სათანადოდ არ აწარმოებენ. ცეცხლის გაჩენამდე 3 დღით ადრე, სახლში რომან ნაკაშიძის ადვოკატმა მოწმეები დაკითხვა. შემდეგ ჩვეულად გამორთეს მრიცხველიდან გაზი და ელექტროენერგია.
რომან ნაკაშიძე ეჭვობს, რომ სახლის დაწვა მკაფიო გზავნილია, იმისთვის რომ გაჩუმდეს, თუმცა გაჩერებას აღარ აპირებს. პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ძვირად დაუჯდა, თუმცა ამბობს, რომ მაინც იგივე გზას აირჩევდა.