„არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში გააკეთა, სადაც ის შეკითხვებს პასუხობდა.
პირდაპირი ეთერის დროს დასმული კითხვის პასუხად მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ გამოძიება არა ბანკის საქმეზე, არამედ სულ სხვა ტრანზაქციაზე მიმდინარეობს, რომელშიც კონკრეტული პირები არიან ჩართული.
„არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს. ეს არაერთხელ განვაცხადე. „თიბისიმ“ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული. საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ,“- განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ თავის დროზე იდეის ინიციატორები თავად იყვნენ და საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად ექნება.
„ანაკლიის პორტი, როგორც იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ამავე დროს ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის ამ განცხადებას, ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ურთიერგამომრიცხავად მიიჩნევს ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.
„სიმართლე რომ გითხრათ, არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი გადმოსახედიდან. ერთის მხრივ, პრემიერი გამოდის, იძახის, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენს კონსორციუმს, რომელმაც მოვიყვანეთ აქამდე ჩვენი ეს პროექტი და ეს მე ვერ ვიტყვი, რომ მარტო მთავრობის იდეა იყო. აქ ჩვენ, ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის კონსორციუმს რა დონემდეც არის ეს პროექტი მიყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რაც შეიძლება დროულად და წარმატებით დასრულდეს,“- ამბობს ახვლედიანი.